ჩემს შესახებ
- დეტალები
- კატეგორია: ჩემს შესახებ
მოგესალმებით ქალბატონო/ბატონო,
მე ვარ ია ლაგვილავა. დავიბადე ქალაქ სენაკში და იქვე დავამთავრე მე-7 საჯარო სკოლა. მასწავლებლობა ადრეული ასაკიდანვე მომწონდა, ამიტომ პროფესიის არჩევაზე დიდი დრო არ დამიკარგავს. 2015 წელს სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მომენიჭა დაწყებითი განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. უნივერსიტეტში სწავლისას ჩემთვის მთავარი მხოლოდ დარგობრივი ცოდნის მიღება არ ყოფილა, რასაკვირველია ჩემს ენთუზიაზმს და შემართებას სტიმულს უმატებდა წარჩინებული სწავლისათვის მოპოვებული სახელმწიფო სტიპენდია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩამომეყალიბებინა ჩემი ხედვა ეფექტური სწავლების მოდელისა. ვეცნობოდი საგანმანათლებლო კუთხით მოწინავე ქვეყნების გამოცდილებებს, ამჟამადაც ვაწარმოებ კვლევებს ამ მიმართულებით, ამიტომ საბაკალავრო კურსის წარჩინებით დასრულების შემდეგ 2019 წელს მაგისტრატურის მიმართულებად ავირჩიე „განათლების მეცნიერებები და მართვა“, რომელიც ასევე წარჩინებით დავამთავრე. ჩემი შემდგომი განვითარებისათვის 2020 წელს წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა და მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი. 2022 წელს ჩავაბარე პროფესიული გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი ქულით, ხოლო 2023 წელს მომენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი; ამჟამად კვლავ ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას;
ჩემი კომპეტენციების ამაღლებას და იმ პროფესიული უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია მასწავლებლობისათვის ხელი შეუწყო კონფერენციებში, ტრენინგებში მონაწილეობამ; ასევე სამუშაო გამოცდილებამ აკად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა იმედსა და შპს „მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა“-ში. ამჟამად დასაქმებული ვარ სსიპ ქალაქ ქუთაისის მეჩვიდმეტე საჯარო სკოლაში.
განსაკუთრებული გამოწვევა იყო ჩემთვის IREX-ის პროგრამის ფარგლებში „ისწავლე რათა ამოიცნო“ ჩატარებული ტრენინგები. რა დროსაც გავიუმჯობესე ონლაინ ტრენინგის ორგანიზება/ჩატარებისათვის საჭირო უნარები. ვფიქრობ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ონლაინ მუშაობა ცალსახად მნიშვნელოვანია. ვფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს: WORD, EXCEL, POWER POINT, ასევე ონლაინ პლატფორმებს: ZOOM, TEAMS. გარდა ამისა მაქვს იუთუბ არხი, რომელიც ვიდეორესურსების ერთგვარ ბანკს წარმოადგენს; იუთუბ არხის გამომწერი უამრავი მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელია, ისინი აქტიურად იყენებენ ჩემს მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს საგანმანათლებლო მიზნებისთვის;
აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილებების მორგება და ადაპტირება საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოვლენის ხელშეწყობა და მათთვის სწავლისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ჩემი მუდმივი საზრუნავია, რომ თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და აითვისოს ის უნარები, რაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანია.
ვფიქრობ, მე ვარ მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია სკოლისთვის წარმატების მოტანა. მე ვარ თითოეულ იმ პედაგოგთა და აღმზრდელთა რიგებში, რომელბიც იბრძვიან მომავალი თაობის სწორად აღზრდა-განათლებისათვის.
მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის.
პატივისცემით
ია ლაგვილავა